თბილისის მთავრობის მიერ სესხის აღების წესი, სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებულად დარეგულირდება. საქმე ასაღები სესხის მაქსიმალურ მოცულობას ეხება.
ამ მიმართულებით კიდევ ერთი ცვლილების განხორციელება "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" იგეგმება.
მოქმედი კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მიერ აღებული სესხის საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გასული 3 საბიუჯეტო წლის, მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების საშუალო წლიური ოდენობის 10%-ს. "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით კი, თბილისის მიერ სესხის აღების შემთხვევაში, აღებული სესხის საერთო მოცულობიდან, ყოველწლიურად დასაფარი სესხის მომსახურების (ძირითადი თანხა და პროცენტი) მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების 5%-ს.
"ვინაიდან თბილისის ბიუჯეტის შემოსავლები თბილისის მერიის წინაშე არსებული ამოცანებისა და შესასრულებელი სამუშაოების მასშტაბების სრულად დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს, აუცილებელია დამატებითი სახსრების მოზიდვა. კოდექსის ფორმულირების მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტს აქვს შესაძლებლობა სესხის სახით აიღოს არაუმეტეს 60,0 მლნ ლარისა, რაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გადაჭრას არსებული პრობლემები", - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
"ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილებების პროექტი პარლამენტს დეპუტატებმა ირაკლი ტრიპოლსკიმ და გია ჟორჟოლიანმა წარუდგინეს.