ერთ საქმეზე ბრალდებული პირების ერთ საკანში განთავსება პრივილეგიას წარმოადგენს

ერთ საქმეზე ბრალდებული პირების ერთ საკანში განთავსება პრივილეგიას წარმოადგენს

სასამართლოს განაჩენის გამოტანამდე, ერთ საქმეზე ბრალდებული პირების ერთ საკანში განთავსება პრივილეგიას წარმოადგენს, რაც დარღვევაა და ამისთვის ბაჩო ახალაიას ბრალი ჰქონდა წარდგენილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული რიგითი სპეცრაზმელების ერთ საკანში განთავსებაზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც მალხაზ ველიჯანაშვილმა განმარტა, ის რომ ბრალდებულები განაჩენის დადგომამდე ერთად არიან განთავსებული, პატიმრობის კოდექსის დარღვევას წარმოადგენს.

"არ არსებობს ასეთი პრეცედენტები. ეს დარღვევას წარმოადგენს, სანამ განაჩენი იქნება ერთ საქმეზე ბრალდებულების ერთ საკანში მოთავსება არ შეიძლება. ასეთ ეპიზოდზე ბაჩო ახალაიას ბრალი ჰქონდა წარდგენილი გირგვლიანის საქმეზე, რადგან ბრალდებულების ერთ საკანში ყოფნა პრივილეგიად იყო მიჩნეული. "პატიმრობის კოდექსში" პირდაპირ წერია, რომ ბრალდებულების ერთ საკანში მოთავსება სასამართლოს განაჩენამდე არ შეიძლება", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული რიგითი სპეცრაზმელები ერთ საკანში არიან მოთავსებული. ინფორმაცია სასჯელაღსრულების სამინისტრომ დაადასტურა, თუმცა ამის მიზეზები არ განმარტა.