აშშ და "დიდი შვიდეული" ქვეყნები მზად არიან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღონ, რათა უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთზე ზეწოლა განახორციელონ.
ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
"ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ და "შვიდიანში" მისი მოკავშირეები მზად არიან, აუცილებლობის შემთხვევაში, სერიოზული დამატებითი სანქციები შემოიღონ, რუსეთის ქმედებების საპასუხოდ. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს და "შვიდიანში" მის პარტნიორებს გამიზნული აქვთ რუსეთზე ზეწოლა, სანამ მინსკის შეთანხმებები სრულად არ შესრულდება, მათ შორის სანამ უკრაინის ტერიტორიები კიევის კონტროლის ქვეშ არ დაბრუნდება და სანამ ყველა რუსი ჯარისკაცი და შეაიარაღება უკრაინის ტერიტორიას არ დატოვებს", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
თეთრი სახლის ინფორმაციით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ასევე "რეფორმების პროგრამა" განიხილეს. საუბარი ძირითადად კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ნაბიჯების წინ გადადგმის აუცილებლობას შეეხო. გარდა ამისა ჯო ბაიდენმა და არსენი იაცენიუკმა სხვადასხვა ღონისძიებებიც განიხილეს, რომელიც უკრაინის სტაბილურობასა და ზრდას, ასევე დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთის ქვეყნებმა 2014 წლის მარტიდან, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, რუსი პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და რიგი კომპანიების მიმართ სანქციები დააწესეს. 2015 წლის მარტში კი სანქციების მასშტაბი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაზარდა.