საუდის არაბეთის პრინცი აპირებს, უახლოეს მომავალში საქართველოში გამოაგზავნოს დელეგაცია, რომელიც უკვე კონკრეტულ პროექტებზე დაიწყებს მუშაობას ინვესტიციების ჩასადებად, - ამის შესახებ საქათველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში ისეთი ცნობილი და გამორჩეული ბიზნესმენის ვიზიტი, როგორიც არის საუდის არაბეთის პრინცი, გამოხატავს ნდობას ჩვენი ქვეყნის მიმართ.
"მე მინდა, მადლიერებით აღვნიშნო, რომ მისი ვიზიტი იყო საკმაოდ ძლიერი გზავნილის შემცველი. გუშინ მქონდა საუბარი და პრინცი აპირებს, უახლოეს მომავალში გამოაგზავნოს დელეგაცია, რომელიც უკვე კონკრეტულ პროექტებზე დაიწყებს მუშაობას, საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საუდის არაბეთის პრინცი ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზ ალ საუდი ირაკლი ღარიბაშვილს გუშინ შეხვდა.