სომხეთსა და საქართველოს შორის "მეგობრობის ხიდის" მშენებლობა უახლოეს თვეებში დაიწყება. სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გუშინ სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა გაგიკ ბეგლარიანმა განაცხადა.
"ხიდი პარიტეტული პირობებითა და ორივე მხრიდან თანაბარი ინვესტიციებით აშენდება, რისთვისაც ქართულ მხარეს მადლობას ვუხდით", - განაცხადა მინისტრმა.
"მეგობრობის ხიდის" მშენებლობის შესახებ შეთანხმება 2014 წლის 24 დეკემბერს გაფორმდა. ახალი ხიდი მდინარე დებედზე, საქართველო-სომხეთის საზღვრის, სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე აშენდება.
სომხური მხარის ცნობით, 2013 წელს სომხეთსა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს შორის 10 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლითაც მოხდება ხიდის მშენებლობა. თუმცა, მათივე ცნობით, დელიმიტაციის პროცესის გამო ქართული მხარის მოთხოვნით პროექტი დროებით შეჩერდა.