რომ არა გიორგი ქადაგიძის ფაქტორი, საბანკო ზედამხედველობის სამსახურის საკითხი შესაძლოა შორეულ პერსპექტივაში დამდგარიყო

რომ არა გიორგი ქადაგიძის ფაქტორი, საბანკო ზედამხედველობის სამსახურის საკითხი შესაძლოა შორეულ პერსპექტივაში დამდგარიყო

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის საკითხი დღის წესრიგში შორეულ პერსპექტივაშიც დადგებოდა, თუმცა გიორგი ქადაგიძის ფაქტორმა ეს პროცესი დააჩქარა.

როგორც მეჭიაურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტის კრიტიკა უფრო პოლიტიზირების მცდელობა იყო, ვიდრე ამ საკითხის შინაარსიდან გამომდინარეობდა. ხოლო თუ რამდენად ედო პოლიტიკური მოტივები საფუძვლად თვითონ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, მეჭიაური აცხადებს, რომ "ყველა საკანონმდებლო ინიციატივა რაღაც დონით პოლიტიკური გადაწყვეტილებაა".

"ჩემი თანაავტორისგან გასხვავებით, რომელიც შეიძლება, სხვა ასპექტებიდან გამომდინარე მივიდა ამ ინიციატივამდე, პირადად მე დავინახე, რომ არსებული სისტემა იყო პოლიტიზირებული და საფრთხისშემცველი, ვინაიდან ერთ ხელში მოქცეულია მთელი ძალაუფლება და თანაც იმ ხელში, რომელსაც, დიდი ალბათობით, შეუძლია, ეს ძალაუფლება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, რაშიც არაერთხელ ყოფილა შემჩნეული. აქედან გამომდინარე, რომ აგვეცილებინა ეს საფრთხე, მოვძებნეთ იმ მოდელებს შორის, რომლებიც აღიარებულია ცვილიზებულ სამყაროში, ისეთი, რომელიც უფრო მისადაგებოდა ჩვენს რეალობას", - განაცხადა მეჭიაურმა.

კითხვაზე, დადგებოდა თუ არა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა დღის წესრიგში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძის ნაცვლად "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული პირი რომ ყოფილიყო, მეჭიაური პასუხობს:

"შეიძლებოდა არ დამდგარიყო დღის წესრიგში ან უფრო სწორად, შეიძლებოდა, უფრო შორეულ პერსპექტივაში დამდგარიყო ეს საკითხი, თუმცა საფრთხე უფრო ადრე გამოჩნდა. მაგრამ ეს მაინც საჭირო იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, იმიტომ, რომ როცა ერთ ხელში მოქცეულია განუზომელი და უკონტროლო ძალაუფლება, იგი ყოველთვის შეიძლება გამოყენებული იყოს პოლიტიკური თუ არა, მერკანტილური მიზნებისთვის", – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

დეპუტატების - თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის ავტორობით და ინიციატივით პარლამენტში წარდგენილია 13 კანონში, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონის ჩათვლით, ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხეველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს. კერძოდ, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, 2015 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს ეროვნულ ბანკთან იქმნება სსიპ - საქართველოს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება: საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. სააგენტო ანგარიშვალდებული სააგენტოს საბჭოს წინაშე იქნება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმავდროულად არ შეიძლება სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე იყოს.

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს კრიტიკით შეხვდა საბანკო სექტორი, ექსპერტთა ნაწილი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ასევე პოლიტიკური ოპოზიცია. საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პირველი მოსმენით პარლამენტში დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა 1 სასესიო კვირით გადაიდო. თამაზ მეჭიაურის თქმით, ამ დროის განმავლობაში მზადაა, ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციებისთვის, თუმცა ერთადერთი საკითხი, რომელსაც პრინციპულად დაიცავს, სწორედ საბანკო ზედამხეველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამიჯვნაა.