საბჭოთა პერიოდის დეპუტატები სოციალური უფლებების პარლამენტის ყოფილ წევრებთან გათანაბრებას ითხოვენ

საბჭოთა პერიოდის დეპუტატები სოციალური უფლებების პარლამენტის ყოფილ წევრებთან გათანაბრებას ითხოვენ

საბჭოთა პერიოდის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მათი სოციალური და შრომითი უფლებების პარლამენტის ყოფილ წევრებთან გათანაბრებას ითხოვენ. საქმე ყოფილი დეპუტატების კომპენსაციას - პენსიას ეხება.

პარლამენტში დავით უსუფაშვილის სახელზე საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართვა შევიდა, სადაც ისინი დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათი ასაკობრივი პენსია 150 ლარს შეადგენს, მაშინ, როცა პარლამენტის წევრებს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ენიშნებათ პენსია - 560 ლარის ოდენობით.

მიმართვას კანონში შესატანი ცვლილებების პროექტიც ერთვის თან, რომელიც სსრ უმაღლესი საბჭოს წევრების საპენსიო მდგომარეობის პარლამენტის ყოფილ წევრებთან გათანაბრებას ითვალისწინებს.

"სრული საფუძველი გვაქვს განვაცხადით, რომ აღმოსავლეთ ევროპის არც ერთ პოსტსოციალისტურ ქვეყანაში და პოსტსაბჭოთა ყოფილ რესპუბლიკებში, ბალტიისპირეთის ქვეყნების ჩათვლით, ასეთი უსამართლო დამოკიდებულება არ გამოუჩენიათ დამსახურებული ადამიანებისა და მით უმეტეს, საკანონმდებლო ორგანოების დეპუტატების მიმართ. ყველა მათგანი წარსულში მათი დამსახურებისა და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილის მიხედვით, უზრუნველყოფილია პერსონალური პენსიით და სხვა სოციალური შეღავათებით", - ნათქვამია დავით უსუფაშვილისთვის გაგზავნილ მიმართვაში.

წერილს ხელს სსრ უმაღლესი საბჭოს 20 წევრი აწერს.