ბიზნესომბუდსმენმა პარლამენტს

ბიზნესომბუდსმენმა პარლამენტს "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვის გადადების თხოვნით მიმართა

ბიზნესომბუდსმენმა პარლამენტს "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვის გადადების თხოვნით მიმართა. როგორც გახარიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შესაბამისი თხოვნით მას , თავის მხრივ, საბანკო ასოციაციამ მიმართა.

"ჩვენ მივმართეთ თხოვნით პარლამენტს, გავუწიეთ შუამდგომლობა საბანკო ასოციაციას, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა ხვალ არ დაიწყოს და რამდენიმე დღით გადაიდოს. იმედი გვაქვს, რომ ერთი კვირით მაინც გადაიდება", - აღნიშნა გახარიამ. მისი თქმით, დეპუტატების მხრიდანაც არის მზაობა, განხილვები შემდეგი სასესიო კვრისთვის გადაიდოს.

პარლამენტი პირველი მოსმენით საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო სექტორის ზედამხედველობის სამსახურის გასვლას ითვალისწინებს. "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონსა და სხვა კანონებში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა ხვალ იურიდიულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საპროცედურო საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იგეგმება. ცვლილება სულ 13 კანონში ხორციელდება.

დეპუტატების, თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის ავტორობითა და ინიციატივით პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი, უქმდება.

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს კრიტიკით შეხვდა საბანკო სექტორი, ექსპერტთა ნაწილი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ასევე პოლიტიკური ოპოზიცია.