პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო სექტორის ზედამხედველობის სამსახურის გასვლას ითვალისწინებს პარლამენტი პირველი მოსმენით საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო სექტორის ზედამხედველობის სამსახურის გასვლას ითვალისწინებს.
"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონსა და სხვა კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს ხვალ იურიდიულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საპროცედურო საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტები გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. ცვლილება სულ 13 კანონში ხორციელდება.
დეპუტატების, თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის ავტორობითა და ინიციატივით პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი, უქმდება.
სადღეისოდ, სწორედ ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის ფუნქციაა საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, რაც ახალ სსიპ-ს - საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს დაეკისრება.
"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, 2015 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს ეროვნულ ბანკთან იქმნება სსიპ - საქართველოს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება: საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა.
სააგენტო ანგარიშვალდებული სააგენტოს საბჭოს წინაშე იქნება. სააგენტოს საქმიანობას სწორედ სააგენტოს საბჭო უხელმძღვანელებს. სააგენტოს საბჭოს შემადგენლობაში შვიდი წევრი შევა, რომელთაგან პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, ერთ-ერთი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება, ხოლო დანარჩენი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პროფესიონალები ეკონომიკის ან ფინანსების დარგში და რომლებსაც ექნებათ საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება. სააგენტოს საბჭო, სააგენტოს საბჭოს წევრებისგან, თავმჯდომარეს ხმათა უმრავლესობით აირჩევს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმავდროულად არ შეიძლება სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე იყოს.
ამასთან, პროექტის მიხედვით, სააგენტოს საბჭოში 2-2 წევრის (გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა) წარდგენის უფლება ექნებათ პარლამენტის თავმჯდომარეს, ფრაქციას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს. საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს სააგენტოს საბჭოს წევრებს, გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა. პარლამენტი უფლებამოსილი იქნება სააგენტოს საბჭოს ზოგიერთი წევრი 7 წელზე ნაკლები ვადით აირჩიოს.
პროექტით განისაზღვრება სააგენტოს უფლებამოსილება საფინანსო სექტორის ზედამხედველობის, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობის რეგულირების, საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის და ზედამხედველობის, კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის კუთხით.
"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს კრიტიკით შეხვდა საბანკო სექტორი, ექსპერტთა ნაწილი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ასევე პოლიტიკური ოპოზიცია.