ყაზახეთში საქართველოს საელჩოს და საკონსულოს კასპიის ზღვაში დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ყაზახეთში საქართველოს კონსულმა, ბიძინა ღვარჩლიანმა განუცხადა.
მისი თქმით, შეჯახება სამგზავრო კატამარანსა და ბარჟას შორის 9 ივნისს, ღამის პირველ საათზე მოხდა. კატამარანზე საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფებოდა.
"მომხდარი შეჯახების შედეგად დაშავებული საქართველოს ორივე მოქალაქე გადაიყვანეს ქალაქ ატირაუს საავადმყოფოში. ერთს აქვს მარცხენა ხელის მოტეხილობა, ხოლო მეორემ მიიღო თავის ქალის ტრავმა და ამჟამად რეანიმაციიდან ნეიროქირურგიულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა", - განაცხადა კონსულმა.
მისივე თქმით, ამ საქმეში აქტიურად არის ჩართული ყაზახეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, უკვე შედგა სატელეფონო საუბარი მკურნალ ექიმთან, ერთ-ერთ დაშავებულთან და კომპანიის წარმომადგენლებთან.
"დაშავებულებს არ გააჩნიათ პრეტენზიები კომპანიის მიმართ, რომელმაც თავის თავზე აიღო მკურნალობის ხარჯები. ასევე, დაშავებულები საელჩოს თხოვნით მოინახულა ქალაქი ატირაუში ქართული დიასპორის თავმჯდომარემ. საელჩო აქტიურ სატელეფონო კავშირზეა დაშავებულებთან", - განაცხადა ბიძინა ღვარჩლიანმა.