იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სასამართლო სისტემაში კორუფციის შესაძლო საფრთხეებთან დაკავშირებით იმსჯელეს.
საბჭოს სხდომას დაესწრენენ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ განცხადებები გააკეთეს ამ საფრთხეებთან დაკავშირებით.
როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს საკითხის განხილვის შემდეგ განუცხადა, კონკრეტული ფაქტები არ დასახელებულა, თუმცა პრევენციული ღონისძიებები დაიგეგმა კორუფციის საფრთხეების აღმოსაფხვრელად.
"შეხვედრა იყო დახურული ფორმატის. ერთ-ერთი საკითხი იყო შესაძლო კორუფციული სამართალდარღვევების პრევენციული ღონისძიებები. ვისაუბრეთ ზოგად საკითხებზე, გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ არის ის, რომ შევიმუშავებთ მართლმსაჯულების სტრატეგიას, რომელიც კორუფციის პრევენციებთან დაკავშირებით გვექნება ცალკე დიდი თავი გამოყოფილი და ჩამოვწერთ ყველა იმ პრევენციულ ღონისძიებას, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს იმ მოლოდინების გაქარწყლებას, რომელიც შესაძლო კორუფციული ფაქტების არსებობას უკავშირდება", - განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, მან მოიკითხა ინფორმაცია და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არც ერთ კონკრეტულ კორუფციულ სამართალდარღვევაზე სამართალდამცველებს და საგამოძიებო უწყებებს არ უცნობებიათ.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრითაც დასტურდება, რომ მასსა და მიხეილ ჩინჩალაძეს შორის კომუნიკაციის პრობლემა არ არის.