კიევის მახლობლად ვასილკოვის ნავთობბაზაზე ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. "უნიანის" ცნობით, ამჟამად 6 რეზერვუარი იწვის. თუმცა, როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
"გუშინ ღამით 12 რეზერვუარი იწვოდა, თუმცა, დღეს დილამდე 6 რეზერვუარზე ხანძრის ჩაქრობა მოხერხდა. სამხედრო ნაწილისკენ ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ჰაერში მავნე ნივთიერებების გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არის", - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკოლაი ჩეჩეტკინმა.
ხანძარი ვასილკოვის ნავთობბაზაზე 8 ივნისს გაჩნდა. ცეცხლი თავდაპირველად ერთ-ერთ რეზერვუარს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. მათგან სამი მაშველი და ერთი ნავთობბაზის თანამშრომელი იყო. ასევე დაშავებულია 12 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში აგრძელებენ მკურნალობას.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ არ დაუდგენიათ.