„საქართველო შესაძლოა ბოლონიის პროცესის ჯგუფის თავმჯდომარე გახდეს“

„საქართველო შესაძლოა ბოლონიის პროცესის ჯგუფის თავმჯდომარე გახდეს“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ ევროპული კვლევების საბჭოსთან მოლაპარაკებები პრაქტიკულად დაასრულა.

მისი თქმით, 2015 წლის 1 იანვრიდან ქვეყანა ევროპული სამეცნიერი სივრცის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის მასშტაბური ჩარჩო-პროგრამის წევრი გახდა. პრემიერის განცხადებით, ეს მეცნიერებს საშუალებას მისცემს, რომ ევროკავშირის სამეცნიერო კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა, როგორც სრულუფლებიანმა წევრებმა და პარტნიორებმა.

„ბოლონიის ჯგუფის მხრიდან გვაქვს პოზიტიური სიგნალები, რომ საქართველო შესაძლოა გახდეს ბოლონიის პროცესის ჯგუფის თავმჯდომარე, რაც იმის აღიარება იქნება, რომ ჩვენ სწორად ვახორციელებთ ამ პოლიტიკას“, - აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში მეცნიერ-მკვლევარების ხელფასი ძალიან დაბალი იყო და ის მისი ხელისუფლების პერიოდში, 200 ლარიდან 700 ლარამდე გაიზარდა.

„ეს საკმარისი არ არის და ზრდა კიდევ უფრო უნდა გაგრძელდეს. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გულისხმობს კვლევითი ინსტიტუტების სპეციალური სტატუსის - მკვლევარი-პროფესორის მინიჭებას. მიგვაჩნია, რომ ეს ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებში კვლევებისა და სწავლების პროცესის ინტეგრირებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ეროვნულ ბიბლიოთეკაში დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ დოქტორანტებს შეხვდა.