„ქვეყნის მთავარი კაპიტალი ადამიანია“

„ქვეყნის მთავარი კაპიტალი ადამიანია“

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხვდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა კონკურსის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა. როგორც ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყოველთვის საინტერესოა ახალგაზრდებთან შეხვედრა და განსაკუთრებით საინტერესოა, თუ რას ფიქრობენ სტუდენტები, ახალგაზრდები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. როგორც პრემიერმა განაცხადა, ქვეყანაში პრობლემების გადაჭრა ძლიერი, განათლებული თაობის გარეშე ვერ მოხდება.

„ჩვენ უნდა შევძლოთ განათლების ძირეული ცვლილება, განვითარება. ჩვენ უნდა დავიწყოთ მსოფლიოს განვითარება. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ რეგიონში მთავარი მოთამაშეა“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, დოქტორანტების პროგრამა 2007 წლიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროგრამის დაწყება მხოლოდ ახალი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა და ის უკვე 2 წელია ხორციელდება.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, თქვენგან მოვისმინო შეფასებები, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. მზად ვარ თქვენს შეკითხვებს ნებისმიერ დროს ვუპასუხო. ქვეყნის მთავარი კაპიტალი ადამიანია. მიზანმიმართული, აქცენტირებული მუშაობაა საჭირო, ადამიანიური რესურსების გამოყენებისთვის“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ქვეყანაში ბევრი გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, განათლებული თაობის რეალიზების ხელის შეწყობისთვის. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში, ქვეყნიდან ინტელექტის გადინება ინტენსიურად ხდებოდა და თუნდაც დროებით, მაგრამ მაინც, მეცნიერების, განათლებული ახალგაზრდების თაობა ქვეყნისთვის დაიკარგა.

„ამიტომ, ჩვენი მთავარი იდეა იყო მათი დაბრუნების მოტივირება მოგვეხდინა. ჩვენ ერთ-ერთი ქვეყნის მოდელი ავიღეთ და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს ხელშეკრულებაში ჩავუდეთ, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ ქვეყანაში უნდა დაბრუნებულიყვნენ. თავის მხრივ, სახელმწიფომ მათი რეალიზების პასუხისმგებლობა აიღო. წელს მათი პირველი ნაკადი დაბრუნდება. იმედი მაქვს, რომ მივიღებთ კარგად ორგანიზებულ, განათლებულ თაობას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამის საგრანტო კონკურსს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2013 წლიდან ატარებს. კონკურსში გამარჯვებული დოქტორანტი სტუნდებტები, პირველად საქართველოში, სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ. 2013-2014 წლებში 230-მდე დოქტორანტი დაფინანსდა. 2014 წლის საგრანტო კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი 2 მილიონ 560 ათას 886 ლარი იყო.