ტურისტული სეზონი ბათუმში დამსვენებლების უკმაყოფილების ფონზე დაიწყო. ტურისტები გაუმართავ ინფრასტრუქრურასა და მოუწესრიგებელ სანაპირო ზოლს აპროტესტებენ.
ამ ეტაპზე ბათუმში ძირითადად რუსი, უკრაინელი და ყაზახი ტურისტები არიან. ისინი ამბობენ, რომ ბათუმში დასვენება ხელმისაწვდომია, თუმცა სანაპირო ზოლზე კაფეების, საზოგადოებრივი ტუალეტებისა და საშხაპეების არარსებობა, შემაწუხებელია.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დროულად დაიწყო. ამ ეტაპზე კი კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარეობს და სანაპიროზე საშხაპეებისა და საპირფარეშოების განთავსება, გრძელდება.
„ყველაფერს თავისი დრო აქვს, სამუშაოები ცოტა ადრე ვერ დაიწყებოდა. სეზონი ახლა გაიხსნა, ერთი კვირაა. ბათუმში ტურისტების ის ნაკადი ჯერ არ არის, რაც უნდა იყოს. რეალურად სეზონი 15-20 ივნისის შემდეგ დაიწყება. ბულვარში ახლა 7 საპირფარეშოა, კიდევ ერთს ვაშენებთ შშმ პირთათვის ადაპტირებულს. ტუალეტების ნაკლებობა ნამდვილად არაა, კიდევ 2-3 მაინც რომ დავამატოთ, ბულვარში საპირფარეშოების მეტი არაფერი იქნება" -აცხადებს ბულვარის დირექტორი, გიორგი ზირაქაშვილი.
მისივე ინფორმაციით, სანაპირო ზოლზე მდებარე კაფე-ბარები ბულვარის ადმინისტრაციის დაქვემდებარების ქვეშ არ არის, შესაბამისად, მათი გახსნის თარიღიც, მხოლოდ ობიექტების მეპატრონეების სურვილზეა დამოკიდებული.
ზაფხულის ტურისტული სეზონი ბათუმში ივნისის დასაწყისში გაიხსნა და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.