პრემიერის მოწვევით, თბილისს საუდის არაბეთის პრინცი ეწვევა

პრემიერის მოწვევით, თბილისს საუდის არაბეთის პრინცი ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით, თბილისს დღეს საუდის არაბეთის პრინცი, ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდი ეწვევა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრინცს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დახვდება. 

მათივე ინფორმაციით, 16:00 საათზე, დაგეგმილია პრინც ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდის შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რის შემდეგაც, მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. 

ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის პრინცი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება, ასევე, საინვესტიციო ობიექტებს დაათვალიერებს. 

ვიზიტის დასასრულს, მაღალი რანგის სტუმარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. პრინცი ალ ვალიდ ბინ ტალალი, საუდის არაბეთის სამეფოს დამფუძნებლის და პირველი მმართველის, მეფე აბდულაზიზ ალ საუდის შთამომავალია.