ზურაბ ადეიშვილი:   ციხის კადრები იყო მძიმე, მათ შორის ჩვენთვისაც

ზურაბ ადეიშვილი: ციხის კადრები იყო მძიმე, მათ შორის ჩვენთვისაც

ციხის კადრებმა დაადასტურა, რომ ციხეში იყო სერიოზული პრობლემები, - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ციხის კადრები იყო ძალიან მძიმე, მათ შორის მაშინდელი მთავრობის წევრებისთვისაც. "ციხის კადრები იყო მძიმე, მათ შორის ჩვენთვისაც. ამ კადრებმა დაადასტურა, რომ ციხეში იყო სერიოზული პრობლემები. ეს პრობლემები იყო სისტემური. ამ სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით მე არ გავაკეთებ კომენტარს, რომ შეიძლება ამ კადრების ნაწილი ყოფილიყო დადგმული. თავისთავად ის ფაქტი, რომ ამ კადრების დადგმა იყო შესაძლებელი, ადასტურებს, რომ იყო სერიოზული პრობლემა და ასეთი რამის გაკეთება დაუსჯელად, მით უმეტეს ამ მასშტაბებით, იყო ძალიან ცუდი", - განაცხადა ადეიშვილმა.

მისი თქმით, ასეთი ფაქტები ყველა დახურულ სისტემას ახასიათებს. "ევროპაში და ამერიკაში ამ ფაქტებთან დაკავშირებით მიიღეს სერიოზული გადაწყვეტილებები, როდესაც მათ დანერგეს საზოგადოებრივი ზემოქმედების მექანიზმები. გამჭვირვალობა შემოიტანეს ციხეში, ამიტომ ჩვენი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ასეთი ეფექტური მექანიზმები საქართველოში ვერ შეიქმნა და სწორედ ამიტომ მოხდა ასეთი სისტემური პრობლემა ციხეებში", - აღნიშნა ზურაბ ადეიშვილმა.

მისი თქმით, მის წინააღმდეგ საქართვეოში აღძრული საქმე ფაბრიკაციაა. "თუ რამეს შეიძლება დაერქვას ფაბრიკაცია, ეს შეიძლება დაერქვას იმ საქმეს, რომელიც ჩემს წინააღმდეგ არის აღძრული. ციხის კადრებთან დაკავშირებით, დავიწყეთ გამოძიება, 17 ადამიანი იქნა დაკავებული, მაგრამ რა მოხდა შემდეგ - შემდეგ ამ 17 ადამიანიდან ნაწილი იქნა საერთოდ გათავისუფლებული, ერთი მათგანი საერთოდ პასუხისმგებლობისგან იქნა გათავისუფლებული, მცირე ნაწილს მიუსაჯეს მცირე სანქციები და საბოლოო ჯამში საზოგადოებამ ვერ მიიღო პასუხი, რა დონის სისტემურ პრობლემას ჰქონდა ადგილი ციხეში. აქედან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ ეს იყო პოლიტიკური მანიპულაციის ერთ-ერთი იარაღი. რაც შეეხება ამ საქმის ფაბრიკაციას, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ წამებაში და არაჰუმანურ მოპყრობაში ბრალდებულ ადამიანს ჰქონდეს საშუალება სამ ქვეყანაში იყოს მთავრობის კონსულტანტი, მას ჰქონდეს საშუალება შეხვდეს ძალიან ბევრ სამთავრობო დონის წარმომადგენელს, მათთან ერთად და საერთაშორისო არენაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოამზადოს ძალიან ბევრი პროექტი, მათ შორის ადამიანის უფლებების სფეროში. ასევე ინტერპოლმა მიიღო გადაწყვეტილება ჩემი ძებნიდან მოხსნის შესახებ. ამიტომ ყველასთვის ცალსახაა, რომ ეს საქმე არის პოლიტიკური მანიპულაცია და არა რეალურ მტკიცებულებებზე დაფუძნებული", - აღნიშნა ადეიშვილმა.