ევროპული პარლამენტი საკმაოდ კრიტიკულად აფასებს ევროკავშირსა და რუსეთს შორის ამჟამად არსებულ ურთიერთობებს. "პოლონური რადიოს" ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია მოხსენებაში, რომელიც ევროპარლამენტში ევროპული სახალხო პარტიის ჯგუფის ინიციატივით მომზადდა და კენჭისყრაზე 10 ივნისს იქნება გატანილი.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთმა დაკარგა ევროპის ნდობა და სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი. მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტი გმობს რუსეთის წინასწარგანზრახულ ქმედებებს, რომლებიც არღვევს საერთაშორისო სამართლისა და დემოკრატიის პრინციპებისა და ღირებულებების საფუძვლებს, კონკრეტულად კი რუსეთის პირდაპირი მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში უკრაინის წინააღმდეგ, ყირიმის უკანონო მიერთება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ევროპელ მეზობლებზე ეკონომიკური ზეწოლა და მათი პოლიტიკური დესტაბილიზაცია. ევროპარლამენტარები, ამავდროულად, მოუწოდებენ კოლეგებს, გადახედონ ევროკავშირის მიმდინარე პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში ყველა კონკრეტულ სექტორში, კერძოდ, თავდაცვისა და ენერგეტიკულ სექტორებში.