პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ აცხადებს, რომ ეს აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვანი დომინანტური მოსახლეობის ანტაგონიზმს გამოიწვევს.
სააკაშვილის უკრაინაში გუბერნატორად დანიშვნის თემას თედო ჯაფარიძე ვრცელი სტატიით ეხმაურება. ამ საკითხზე თედო ჯაფარიის პირად მოსაზრებას საგარეო საკითხებზე ორიენტირებული ამერიკული პერიოდული ჟურნალი „The National Interest“ აქვეყნებს სათაურით -„სააკაშვილი და სტანისლავსკის მმართველობის სკოლა“.
ჯაფარიძე სტატიაში წერს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტი, ქვეყნის მმართველობისას აკონტროლებდა უშიშროების ძალებს, მოულოდნელად თავს ესხმოდა მედია საშუალებებს, აკონტროლებდა ნებისმიერს, ვისი შემოსავალიც რამდენიმე ათას დოლარს აჭარბებდა, იყენებდა წამებას ციხეებში , თუმცა არსებობდა ასევე მთავარი სცენა: სააკაშვილი გმირულად ებრძოდა კორუფციას, სრულად დაშალა პოლიციის სისტემა და პოლიციის ახალი კორპუსის შექმნა ნულიდან დაიწყო.
„ეს იყო ერთდროულად საბჭოურობა და პროსაბჭოურობა. სააკაშვილი აკონტროლებდა უშიშროების ძალებს; მოულოდნელად თავს ესხმოდა მედია საშუალებებს; აკონტროლებდა ნებისმიერს, ვისი შემოსავალიც რამდენიმე ათას დოლარს აჭარბებდა; ყველას, ვინც ქვეყანაში ოდნავ უფრო მდიდარი იყო, "არწმუნებდა", რომ "განეხორციელებინათ დონაცია", ხშირად საპროცესო შეთანხმების კონტექსტში; ის იყენებდა წამებას ციხეებში და როგორც ზოგიერთები ამბობენ, ციხეებში ადგილი ჰქონდა მოწინააღმდეგეების გამიზნულ მკვლელობებსაც კი. ეს იყო ადგილობრივი ბელადი სააკაშვილი, რომელიც აკეთებდა იმას, რაც უნდა გაკეთებულიყო. არსებობდა ასევე მთავარი სცენა: სააკაშვილი გმირულად ებრძოდა კორუფციას, სრულად დაშალა პოლიციის სისტემა და პოლიციის ახალი კორპუსის შექმნა ნულიდან დაიწყო, შექმნა სისტემა, სადაც ძალიან ადვილი იყო კადრების განთავისუფლება და დაქირავება (უცხოელი ინვესტორებისთვის). ის დაუღალავად - ზოგიერთის აზრით უგუნურად - ებრძოდა რუსეთს, არა იმიტომ, რომ გაემარჯვა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ იმიტომ, რომ წარმოჩენილიყო ეს ბრძოლა. ბევრ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად მართავდა კარგ დუელს პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ. პატარა "პოსტ-საბჭოთა" ან "ახლო საზღვარგარეთის" ქვეყნის პრეზიდენტი ბედავდა, რომ პუტინისთვის ეწოდებინა მატყუარა, "ლილიპუტინი"; სამაგიეროდ პუტინი სააკაშვილს "კვერცხებით დაკიდებით" დაემუქრა. თითოეული აჰყვა მეორის ქმედებას“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.
„The National Interest“-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვში ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ შეშფოთების მთავარი მიზეზი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მომავალთან დაკავშირებაა, რადგან ის საქართველოს და ასევე მოლდოვის დამოუკიდებლობაზე გავლენას ახდენს.
„ამჟამად ყველასათვის ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა ის, რომ კიევის წამყვანმა პოლიტიკოსებმა პირი, რომელსაც სამშობლოში დაბრუნების ეშინია კრიმინალური ბრალდების გამო, მნიშვნელოვანი რეგიონის მმართველად დანიშნეს, სადაც თავმოყრილია რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილი“, - ნათქვამია ჯაფარიძის სტატიაში.
აქვე აღნიშნულია, რომ უკრაინის მთავრობამ როდესაც სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დანიშნა, გააკეთა სვლა, რომლის უფლებაც მას აქვს, როგორც სუვერენულ მთავრობას, მაგრამ ეს ამავე დროს არის ისეთი ქმედება, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვანი დომინანტური მოსახლეობის ანტაგონიზმს გამოიწვევს.