ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს შეფასებით, საქართველოს საკანონმდებლო სისტემა ინიციატივებით გადატვირთულია, რაც დაბალი ხარისხის კანონმდებლობის მიღების რისკს ქმნის.
როგორც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს მიერ მომზადებულ, საქართველოში არსებული საკანონმდებლო პროცესის შეფასების შესახებ ანგარიშშია აღნიშნული, ეს სიტუაცია გარდაუვლად ახდენს უზარმაზარ ზეწოლას მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივ კანონშემოქმედებით რესურსებზე და მხოლოდ მცირე დროს ტოვებს კარგად ორგანიზებული კანონშემოქმედებითი პროცესის მნიშვნელოვანი ელემენტებისთვის, როგორიც არის რეგულირების ზემოქმედების შეფასება ან სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციის ჩატარება სათანადო დონეზე.
"საკანონმდებლო სისტემა გადატვირთულია ინიციატივებით, რომლებიც შემდეგ კანონებად უნდა ჩამოყალიბდეს. ამგვარი გადატვირთვა გამომდინარეობს მრავალი სამართლებრივი რეფორმის უმოკლეს დროში განხორციელების ზეწოლისგან და მას ახლავს დაბალი ხარისხის კანონდებლობის მიღების რისკი. ეს სიტუაცია გარდაუვლად ახდენს უზარმაზარ ზეწოლას მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივ კანონშემოქმედებით რესურსებზე და მხოლოდ მცირე დროს ტოვებს კარგად ორგანიზებული კანონშემოქმედებითი პროცესის მნიშვნელოვანი ელემენტებისთვის, როგორიც არის რეგულირების ზემოქმედების შეფასება ან სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციის ჩატარება სათანადო დონეზე.
სხვა ნორმატიული აქტების (მაგ, კანონქვემდებარე აქტების ) დამატებისას, პრობლემა კიდევ უფრო იზრდება", - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშის ავტორების შეფასებით, პარლამენტს არ გააჩნია სრულყოფილი ელექტრონული სისტემა მისი ფუნქციების სათანადო ხარისხით ხელშესაწყობად.
"ეს მთავარი ნაკლი პარლამენტის ყველა დაინტერესებულ მხარეზე ვრცელდება, მათ შორის ყველა ფრაქციის წევრსა და აპარატის თანამშრომელზე. ამდენად, პარლამენტის წევრებს, აპარატის თანამშრომლებსა და დაინტერესებულ მხარეებს ყოველთვის არ მიუწვდებათ ხელი განახლებული დოკუმენტის ელექტრონულ ვერსიაზე. სხვადასხვა ნაბეჭდი ვერსიების გავრცელების ამჟამინდელი პრაქტიკა არ აკმაყოფილებს საკანონმდებლო პროცედურებში ჩართული აქტორების ინფორმაციულ საჭიროებებს", - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიში, რომელშიც საქართველოში არსებული საკანონმდებლო პროცესია შეფასებული, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების წარმომადგენელმა კრის მოლიმ და ადამიანის უფლებათა ბიუროს წარმომადგენელმა თიმეა დრინოჩიმ საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით მოამზადეს.