საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი დავით კერესელიძე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. დოკუმენტის სახელწოდებაა - "2014 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ძირითადი შედეგებისა და საშუალო ვადიანი პერსპექტივის ამოცანების შესახებ"
"რუსეთის საგარეო უწყება ტრადიციულად აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად წარმოქმნილი საკუთარი რეალობის ტირაჟირებას და ჯიუტად მოიხსენიებს საქართველოს განუყოფელ ნაწილებს - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად". ამასთან, კრემლი ცინიკურად სთავაზობს ქართულ მხარეს საკუთარ რეგიონებთან გააფორმოს დოკუმენტი ძალის არგამოყენების შესახებ", - აღნიშნულია კომენტარში.
ქართული მხარის განცხადების მიხედვით, გაუგებარია დოკუმენტის ტონი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო კვლავაც ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, რომლებიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. დავით კერესელიძის კომენტარში ასევე ხაზგასმულია, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უგულვებელყოფა და იგნორირება სამწუხაროდ რუსეთის საგარეო უწყებისათვის დამახასიათებელ საფირმო ნიშნად იქცა, რის შესახებაც მხოლოდ წუხილი შეიძლება გამოითქვას. "ანგარიშის გაცნობა ნათელყოფს, რომ რუსეთის საგარეო უწყების უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი მაინც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაციაა. ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს, თუ რომელ გაერთიანებაში ან ალიანსში მიიღოს მონაწილეობა, ხოლო სწრაფვა ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში წევრობისაკენ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის და პოლიტიკური სპექტრის არჩევანია", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლის კომენტარში.
რუსეთის საგარეო უწყებამ 2014 წლის მუშაობის ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა, სადაც წერია რომ ოფიციალური თბილისის არასაკმარისი სურვილი უარი თქვას სოხუმისა და ცხინვალისთვის "ოკუპირებულ ტერიტორიებს" სტატუსზე, ასევე ქვეყნის შენარჩუნებული კურსი ევროკავშირსა და ნატო-ში მაქსიმალური ინტეგრაციისთვის, დარჩება რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შემაფერხებელ ფაქტორებად.