საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, 2015 წლის "მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის" კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში პირველ პოზიციას იკავებს, მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის კი ის 29-ე ადგილზეა.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს პოზიცია რეიტინგში წინა წელთან შედარებით 2 ერთეულით გაუმჯობესდა. ის უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: იტალია, რუმინეთი, საბერძნეთი, ხორვატია, უნგრეთი.
"მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის" კვლევა კანონის უზენაესობის მდგომარეობას მსოფლიოს 102 ქვეყანაში ასახავს. პროექტი იყენებს 47 ინდიკატორს, რომლებიც 9 ფაქტორის გარშემო ჯგუფდება: კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, აღსრულება (კანონის/გადაწყვეტილების), დანაშაულის დონე, სისხლის და სამოქალაქო მართლმსაჯულება.
"ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს კორუფციის არარსებობის კუთხით აქვს − მსოფლიო რეიტინგში 0.73 ქულით ქვეყანა 22-ე პოზიციას იკავებს. მაღალია ღია მმართველობის მაჩვენებელიც − 29-ე პოზიცია რეიტინგში. ამ მაჩვენებლის თანახმად, საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. წესრიგისა და უსაფრთხოების ფაქტორის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით 24-ე ადგილზეა, აღსრულების მაჩვენებლით 25-ე პოზიციას იკავებს, ხოლო სამოქალაქო და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების თანახმად, 26-ე და 35-ე პოზიციებზეა", - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, კანონის უზენაესობის ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია ექსპერტთა და მოქალაქეთა გამოკითხვას ეფუძნება. ამ მიზნით თითოეულ ქვეყანაში 100 000-ზე მეტი რესპონდენტი და ექსპერტი გამოიკითხა. 2015 წლის შედეგების თანახმად, რეიტინგში დანია ლიდერობს, ნორვეგია და შვედეთი კი მე-2 და მე-3 ადგილებს იკავებენ.