კონსტიტუციონალისტ ჯონი ხეცურიანის ინფორმაციით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ საკითხის განხილვას მიუბრუნდება.
ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა ჯერ კიდევ გასული წლის მაისში გადაწყვიტა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ საკითხი ღიად დაეტოვებინა. ჯონი ხეცურიანი ერთ-ერთი იყო, ვინც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის წინააღმდეგია და საერთო სასამართლოებში საქმეები ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვის თაობაზე კონსტიტუციიდან ჩანაწერის ამოღების ინიციატივით გამოვიდა. ხეცურიანის თქმით, საპირისპირო პოზიცია ჰქონდთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთაც თქვეს, რომ ამ ინსტიტუტის საქართველოში დანერგვას დასავლეთში დადებითად შეხვდნენ და შესაბამისი პროექტიც იყო დაფინანსებული.
"ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა თავისი საქმე გააკეთა შუა საუკუნეებში. ეს არის მოძველებული ინსტიტუტი. იგი დაწუნებულია იმ ქვეყნებშიც, სადაც თავდაპირველად დაინერგა. დღესდღეობით, აშშ-ში დაახლოებით ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმეების მხოლოდ 3-4% განიხილება, ინგლისში _ 4%. მსოფლიოში სულ 25 ქვეყანაში არის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და მეტ-ნაკლებად მოქმედებს. ზოგიერთ ქვეყნებში – საფრანგეთში, საბერძნეთში, ბელგიაში _ ეს ინსტიტუტი საერთოდ გაუქმდა. ეს არის არაეფექტიანი ინსტიტუტი, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობა ართულებს სისხლის სამართლის განხილვის პროცედურებს, დროში აფერხებს საქმეების განხილვას. მსაჯულები არაპროფესიონალები არიან, მათ არ აქვთ მტკიცებულებების სათანადო აღქმა, მოქმედებს ემოციური და ფსიქოლოგიური მომენტი. ისინი, როგორც წესი, ლოიალობით გამოირჩევიან. ამიტომ ხშირია უკანონო გადაწყვეტილებების გამოტანა ნაფიცი მსაჯულების მიერ. ამავდროულად, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საკმაოდ ხარჯიანია. ჩემი უმთავრესი არგუმენტი კი იყო ის, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მცირერიცხოვანი და ძნელი იქნება, ამ ინსტიტუტის საქართველოში დანერგვა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ მენტალობის თავისებურებებს, რაც ჩვენ და საერთოდ, კავკასიელ ხალხს გვახასიათებს. რაც გინდა უწოდო, თქვა, რომ ეს არის ჩამორჩენილობა, ტრადიციულობა, არასწორი მენტალობა _ ეს არის რეალობა. ჩვენთან დანაშაული რომ ხდება, შეიძლება 10 მოწმიდან ერთი ვერ მიიყვანო პოლიციაში. ამ დროს როგორ გინდა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება? მცირერიცხოვან ქვეყანაში ძალიან რთულია და არც არის საჭირო ამ ინსტიტუტის შემოღება. საქმე უნდა განიხილოს პროფესიონალმა მოსამართლემ, რომელიც მოწოდებით არის მოსამართლე, ევალება ამის გაკეთება და ხელფასს ამ საქმეში იღებენ", - განაცხადა ხეცურიანმა.
ხეცურიანმა ასევე ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ დატოვა კომისიამ ნაფიც მსაჯულთა საკითხი ღია და რა იყო ხელისუფლების წრამომადგენელთა არგუმენტები.
"სამწუხროდ თქვეს, რომ ამ ინსტიტუტის დანერგვას დადებითად შეხვდნენ დასავლეთში, პროექტი იყო და სათანადოდ დაფინანსდა იმპლემენტაციაო. არ შეიძლება მზამზარეულად ინსტიტუტების გადმოღება, რომელიც თუნდაც სხვა ქვეყანაში ამართლებს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ იქაც არ ამართლებს. დაწუნებული მექანიზმი რატომ უნდა გადმოვიტანოთ", - განაცხადა ხეცურიანმა.
მისივე თქმით, კომისია აღნიშნული საკითხის განხილვას აუცილებლად მიუბრუნდება, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა როდის, უცნობია.