გიორგი ოქროპირიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გიორგი ოქროპირიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ოქროპირიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თბილისი საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკამყოფილა და ლაშა მხარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე შეუფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. გიორგი ოქროპირიძის დედამ და ახლობლებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას კი, ლაშა მახარაძის ახლობლები ტაშით შეხვდნენ.

საქართველოს პროკურატურის მიერ პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე, გიორგი ოქროპირიძეს ბრალი გუშინ წარედგინა. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

გამოძიებით დადგინდა, რომ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფმა გიორგი ოქროპირიძემ, სახალხო დამცველის რწმუნებულს განუცხადა, რომ მას სასჯელაღსულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება.

მითითებული გარემოება ოქროპირიძემ დაადასტურა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, რა დროსაც დაასახელა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი და მიუთითა, რომ სწორედ აღნიშნულმა პირებმა მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანება.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის #8 დაწესებულებიდან ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას გ. ოქროპირიძე ითხოვდა თბილისის #8 დაწესებულებაში დატოვებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრებოდა, რომ მიიყენებდა თვითდაზიანებებს და სახალხო დამცველს დაარწმუნებდა მასში, რომ იგი დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან წამების მსხვერპლი იყო, რითაც დამატებით პრობლემებს შეუქმნიდა სისტემას. რეალურად კი როგორც მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, გ. ოქროპირიძეზე არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ვერ გამოიტანეს; მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს

ამ საქმეზე 9-თვიანი პატიმრობის ვადა 2015 წლის 12 ივნისს ეწურება.