აიღებ სხვადასხვა კანონს, ერთი ქიზიყურად არის დაწერილი, მეორე – მეგრულად, მესამე - მთიულურად

აიღებ სხვადასხვა კანონს, ერთი ქიზიყურად არის დაწერილი, მეორე – მეგრულად, მესამე - მთიულურად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, ბევრია პარლამენტის მიერ მიღებული მკვდრადშობილი კანონი.

საკანონმდებლო პროცესებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე დავით უსუფაშვილმა იმ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც დამტკიცებული კანონების განხორციელებას ეხება. პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, აუცილებელია, მიღებულ კანონებზე სისტემური ზედამხედველობა, კონტროლი, ამოქმედების შემდეგ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მიერ იმის გაანალიზება, თუ როგორ მუშაობს და სრულდება კანონი. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, ეს ძალიან იშვიათად ხდება ან ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მიღებული კანონი პოლიტიკურ პროცესშია გადასული.

"პარლამენტის მიერ კანონის მიღებისა და გამოქვეყნების შემდეგ თითქოს საკანონმდებლო პროცესი დასრულდა. აი, აქ არის დიდი პრობლემა. სინამდვილეში კანონი ის არის, რომელიც ამის შემდეგ იწყება, ანუ მიღებული კანონი მერე იწყებს სიცოცხლეს, მანამდე ფორმირების პროცესია. ძალიან ხშირად გვემართება ის, რომ იქ ვამთავრებთ პროცესს, რომელიც სინამდვილეში იწყება, ანუ მიღებული კანონი სად როგორ მუშაობს, როგორ არ სრულდება და ასე შემდეგ... მე თუ მკითხავთ, აქ უფრო დიდია პრობლემა, ვიდრე მის მიღებამდე და გამოქვეყნებამდე, რადგან ამ მომენტისათვის გაზრდილია ინტერესი, მონაწილეობა, ჩართულობა, რაღაცას ველით, როცა ბავშვი უნდა იშვას და იშვება თუ არა, მერე თავს ვანებებთ. ამიტომ ბევრი კანონი მკვდრადშობილი გამოდის – მკვდრადშობილია იმიტომ, რომ დაევალა ვიღაცას რაღაცა, რაც კეთდება ან არ კეთდება. რაც მთავარია, პროცესის ის ნაწილი, თუ როგორ მუშაობას კანონი – მასზე იყოს მუდმივი ზედამხედველობა, დროზე მოხდეს კორექტირება, რაღაცის დამატება, ცვლილება, თუკი საჭიროა, ეს ძალიან გვიგვიანდება ხოლმე, ვიდრე რაიმე სერიოზულ პრობლემას არ წავაწყდებით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კანონის წერის სტილსა და ტერმინების გამოყენებაზეც ისაუბრა და განაცხადა, საკანონმდებლო ენა უნდა იყოს, რაც შეიძლება უნიფიცირებული, სისტემური და მარტივად გასაგები.

"სერიოზული პრობლემა გვაქვს, რადგან როცა აიღებ სხვადასხვა კანონს, ერთი ქიზიყურად არის დაწერილი, მეორე – მეგრულად, მესამე - მთიულურად და ასე შემდეგ. ტერმინები სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება. ნორმა არის რაღაცის მომწესრიგებელი და თუ ნორმები თვითონ არ არის მოწესრიგებული, წარმოიგდინეთ რა ქაოსია. ამას სერიოზული ყურადღების მიქცევა სჭირდება", - აღნიშნა უსუფაშვილმა.