საფრანგეთის საჰაერო ძალების გენერლის, ჟან-პოლ პალომეროსის განცხადებით, ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს ტრენინგების პროგრამას შეუერთდნენ.
როგორც ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდალმა დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის საქართველოში განთავსება იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც ნატო-საქართველოს თანამშრომლობისთვის გადაიდგმება და პრაქტიკულად განაპირობებს იმას, რომ საქართველო რეგიონში ნატო-სთან თანამშრომლობისთვის ჰაბი იქნება.
„უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები ჩვენს ძალებს შორის თავსებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. საქართველო იმ ხუთ ქვეყანას შორისაა, ვინც შევარჩიეთ. ვიცით, რომ საქართველოს ესაჭიროება დახმარება საკუთარი ძალების მოდერნიზებისა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებისთვის. ჩვენი პრეროგატივა არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. საქართველოს აქვს შესაძლებლობა იყოს ინტეგრირებული ნატო-ს ოპერაციებში, რაც კარგი ნიშანია, რომ თქვენი ქვეყანა სულ უფრო უახლოვდება ალიანსის სამხედრო სტანდარტებს. განათლება ჩვენი ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახურეებისთვის საუკეთესო და მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. ეს არის გზა მომავლისკენ. საწვრთნელი ცენტრი, ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს ტრენინგების პროგრამას შემოუერთდნენ“, - განაცხადა ჟან-პოლ პალომეროსმა.
„ექსპო-ჯორჯიაში“ ნატო-ს ყოველწლიური სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენცია გაიხნა, რომელშიც ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები და ექსპერტები მონაწილეობენ.