საქართველოსა და რუსეთს შორის კავშირების ნორმალიზებისთვის არსებობს რიგი შემაფერხებელი ფაქტორები, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ 2014 წლის მუშაობის შემაჯამებელ ანგარიშშია აღნიშნული.
"საქართველოსთან დიპლომატიური კავშირების ნაკლებობა, ოფიციალური თბილისის არასაკმარისი სურვილი უარი თქვას სოხუმისა და ცხინვალისთვის "ოკუპირებულ ტერიტორიებს" სტატუსზე, ასევე ქვეყნის შენარჩუნებული კურსი ევროკავშირსა და ნატო-ში მაქსიმალური ინტეგრაციისთვის, დარჩება რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შემაფერხებელ ფაქტორებად. ჩვენ გავაგრძელებთ ორმხრივი კავშირების იმ ტერიტორიებზე შენარჩუნების პოლიტიკას, რომელიც რუსეთის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო არ იქნება", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის გახსნამ ორივე მხარეს უდიდესი სარგებელი მოუტანა. "რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ჰუმანიტარული და ბიზნეს-კონტაქტები. ქართველმა სპორტსმენებმა სოჭის ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა. გრძელდება დიალოგი ჟენევის დისკუსიის ფარგლებში ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, რომლის მიზანსაც ერთი მხრივ, საქართველოს და მეორე მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმების მიღწევა წარმოადგენს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშში.