კიევთან ახლოს ნავთობბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას ამ დროისთვის ათობით მეხანძრე ცდილობს.
"უნიანის" ცნობით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი აცხადებს, რომ დაიღუპა ერთი მეხანძრე, რომელიც ნავთობბაზაზე ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა.
"ვასილკოვთან ახლოს ნავთობბაზაზე აფეთქება იყო. ძალიან ძლიერი, დაიღუპა მეხანძრე. საგანგებო სიტუაციების სამსახური ყველაფერს აკეთებს, რაც შესაძლებელია. ეროვნული გვარდია საგანგებო რეჟიმშია. ჩვენ ვმუშაობთ", - დაწერა არსენ ავაკოვმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, არიან დაშავებულებიც. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცავი უწყებების ცნობით, ხანძრის წარმოშობის მიზეზი შესაძლოა, უსაფრთხოების არასაკმარისი ზომების მიღება გახდა.