გიორგი მარგველაშვილი - ქართველი ხალხის არჩევანია, ნატოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს

გიორგი მარგველაშვილი - ქართველი ხალხის არჩევანია, ნატოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს

ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა დღეს ნატო-ს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილი კონფერენციაში მონაწილე ნატო-ს დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ალიანსის ტრანსფორმაციის გაერთიანებული ძალების სარდალი, საფრანგეთის საჰაერო ძალების გენერალი ჟან-პოლ პალომეროსი ხელმძღვანელობს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ქართველი სამხედროების ალიანსის მისიებში მონაწილეობის მნიშვნელობასა და მათი პროფესიული მომზადების დონეს. გენერალმა ჟან-პოლ პალომეროსმა ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს საქართველოს მიერ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნებისა და ექსპერტების მიღება გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"მივესალმები ჩვენს სტუმრებს. თქვენთვის კარგადაა ცნობილი ნატოს-თან თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით, ჩვენი როგორც პოლიტიკური ელიტის, ისე სამხედროებისა და მთელი ერის დამოკიდებულება. ქართველი ხალხის არჩევანია კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს თანამშრომლობა და მივიდეს თავის ლოგიკურ დასასრულამდე, რომელიც საქართველოს ალიანსში გაწევრებას გულისხმობს. ამ დიდი მიზნისთვის ჩვენ არა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებთ, ვავითარებთ ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურასა და ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არამედ ქართველი მეომრები საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად იცავენ ამ ღირებულებებს, რომლებსაც ვიცავთ უკვე მრავალი წელია და არაერთმა ადამიანმა მიუძღვნა თავისი სიცოცხლე ამ მიზანს.

მე დღეს ვხედავ, რომ ჩვენ აღსავსე ვართ ერთიანი სულისკვეთებითა და ღირებულებებით. დღეს, ნატო-ს ჯარისკაცების გვერდით დგანან ქართველი სამხედროები, დგას თავდაცვის სამინისტრო, ქართული საზოგადოება და ხალხი, რომელიც თანამეგობრობის ერთიანი მიზნებისკენ სწრაფვით არის განმსჭვალული", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა სახელმწიფო ჯილდოებით საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დააჯილდოვა. ვიცე-პოლკოვნიკ კობა გრიგოლიას ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის მედალი "საბრძოლო დამსახურებისათვის" გადაეცა, ხოლო ვიცე-პოლკოვნიკები დავით გაგუა და ვლადიმერ ნათენაძე, ასევე, უფროსი სერჟანტი პაატა ჭანტურია საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის მომზადებისათვის, სწავლების პროცესის წარმატებით წარმართვისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის, ღირსების მედლებით დაჯილდოვდნენ. 
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ, თინათინ ხიდაშელმა მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს სიმბოლური საჩუქარი, ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ მოწვეული სტუმრებისათვის საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები" აფორმებდა.
ნატო-ს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენცია (SMPC 15) თბილისში 8-10 ივნისს გაიმართება. კონფერენცია მნიშვნელოვანი სამხედრო ფორუმია, სადაც ტრანსფორმაციის საკითხები და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამომავლო გამოწვევები განიხილება.