ამერიკის პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციების გამო, რუსეთის ფედერაციამ 150 მილიარდ დოლარზე მეტი იზარალა. ამის შესახებ აშშ-ს ლიდერმა "დიდი შვიდეულის" სამიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ლიდერის არყოფნა "დიდი შვიდეულის" ლიდერთა შეხვედრაზე იმის დასტურია, რომ რუსეთი იზოლაციაში იმყოფება. ობამას განცხადებით, "დიდი შვიდეულის" თითოეული ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეინარჩუნებს.
"აუცილებელია იმის აღიარება, რომ რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დასუსტდა. დაიწია რუბლმა და უცხოურმა ინვესტიციებმა, მოიმატა ინფლაციამ, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა სარეზერვო ფონდიდან 150 მილიარდ დოლარზე მეტი იზარალა", - აღნიშნა ობამამ.
ამასთან დაკავშირებით, ამერიკის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ბანკებისა და კომპანიების საერთაშორისო ბაზრებზე საქმიანობა დაბლოკილია, რუსეთის ენერგეტიკული კომპანიები კი სიძნელეების წინაშე დგანან, რუსეთის თავდაცვით კომპანიებს არ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ უცხოური ტექნოლოგიები. "რუსეთი ღრმა რეცესიის პროცესში იმყოფება. ამიტომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში თავად რუსეთს და რუს ხალხს ვნებს", - განაცხადა ბარაქ ობამამ.