პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის შეფასებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ იძლვევა იმის გარანტიას, რომ არავის უფლება არ დაირღვევა. მისივე შეფასებით, თავის დროზე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება სასამართლო სისტემისთვის თავსმოხვეული იყო.
"მიხეილ სააკაშვილს ამ რეფორმის შემოტანა და ნაფიც მსაჯულთა კონსტიტუციაში ჩაწერა სჭირდებოდა იმისთვის, რომ წუხილები, პრეტენზიები, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისა და დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობის კუთხით არსებობდა, გადაეფარა და ამ ახალი რეფორმის შემოტანით აღნიშნული პრეტენზიები განემუხტა – თითქოს მსაჯულთა სასამართლოს შექმნით სამართლიანი სასამართლოს უფლება რეალიზებული იქნებოდა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ იძლვევა იმის გარანტიას, რომ არავის უფლება არ დაირღვევა. მსოფლიო მართლმსაჯულების ისტორიაში არაერთი საქმეა, როცა მსაჯულთა სასამართლოს მხრიდან სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა – არის ფაქტები და შემთხვევები, როცა დამნაშავე არის გარეთ სწორედ ვერდიქტის საფუძველზე და არის შემთხვევები, როცა მსაჯულების ვერდიქტით უდანაშაულო ადამიანი ციხეში მოხვდა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მანანა კობახიძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფში საკითხი მწვავედ დგას – ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, ხოლო ნაწილს მოსწონს და მხარს უჭერს.
დღეს, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინიტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კრახი განიცადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის აღმაშფოთებელია, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირის მიმართ განაჩენი ვერ გამოიტანეს. "ჩვენ ვიხილეთ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა განიცადა სრული კრახი, ჩვენ ვართ ვალდებული ამას გადავხედოთ და ის რაც ხარვეზებია, გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, დაზარალებულის ოჯახს აქვს აბსოლუტურად სრული სამართლიანი მოთხოვნა, რომ დამნაშავე დაისაჯოს, ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. როგორ, რა მეთოდებით, ამას შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ. ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ეს ინსტიტუტი ჩავარდა და სრული კოლაფსი განიცადა. ასე რომ, ამას აუცილებლად უნდა გადავხედოთ და რაც მთავარია ძალიან მალე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.