"ირაკლი ალასანიას აღნიშნულ განცხადებას სასამართლოზე ზეწოლად განვიხილავთ"

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, მოსამართლე ლევან მურუსიძე, მოსამართლეებისა და ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

როგორც მუსურიძემ "კურიერის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, ირაკლი ალასანიას მხრიდან აღნიშნული ინფორმაციის დადასტურება, სასამართლოზე ზეწოლის კლასიკური მაგალითია.

"ირაკლი ალასანიას განცხადება, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა, მიმაჩნია, რომ კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მოახდინონ სასამართლოზე ზეწოლა. ალასანიას სურს, რომ იმ საქმეზე, რომელზეც გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, ზეწოლა მოახდინოს. მინდა ხუმრობით ვთქვა, რომ 25 თავმჯდომარეც იყო მისული ამ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, დავარწმუნეთ ყველა, რომ აღნიშნული კანონი არ უნდა ყოფილიყო მიღებული. მინდა გითხრათ, რომ ალასანიას ამ განცხადებას განვიხილავთ სასამართლოზე  ზეწოლად. ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ გაითვალისწინა მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრი, ასევე შეხვდა იუსტიციის მინისტრს, რის შემდეგაც იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება",- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილისა და რამდენიმე მოსამართლის შეხვედრაზე საუბარი, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შეჩერებას და ე.წ კაბელების საქმეს ეხებოდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ადასტურებს,

ალასანიას თქმით, მოსამართლეებსა და ივანიშვილს შორის მოხდა გარიგება, რომელიც ე.წ კაბელების საქმეს უკავშირდება. მისი თქმით შესაძლოა ყოფილ პრემიერსა და მოსამართლეებს შორის. ე.წ. კაბელების საქმეზე გარიგებაც შედგა და თუ თავდაცვის სამინისტროს 5 დაკავებულ მაღალჩინოსანს გაამტყუნებენ, სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის ახალი წესი, რომელიც მთავრობაშია ინიცირებული აღარ ამოქმედდება.