G7-მა რუსეთს სანქციები გაუგრძელა

G7-მა რუსეთს სანქციები გაუგრძელა

როგორც გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელმა განაცხადა, დიდი შვიდიანის ლიდერების გადაწყვიტილებით, რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების საკითხი მინსკის შეთანხმების შესრულებასთან იქნება დაკავშირებული.

ამის შესახებ ანგელა მერკელმა ჟურნალისტებს G7-ის სამიტის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ სანქციები მინსკის შეთანხმების შესრულებასთან იქნება დაკავშირებული და თუ ეს აუცილებელი იქნება, ჩვენ კიდევ უფრო გავამკაცრებთ სანქციებს. რა თქმა უნდა, ეს ის არ არის, რაც ჩვენ გვინდა, მაგრამ თუ სიტუაცია ამას მოითხოვს, ჩვენ შესაბამისად მოვიქცევით. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მივაღწიოთ პროგრესს მინსკის შეთანხმების შესრულებაში“, - აღნიშნა მერკელმა.

2014 წლის მარტში რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და დონბასში დესტაბილიზაცია დაიწყო. ამის გამო, აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, იაპონიამ, ავსტრალიამ და სხვა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები აამოქმედეს. ამოქმედდა ასევე სავიზო სანქციებიც და რამდენიმე რუს პოლიტიკოსს, ევროის ქვეყნებში გადაადგილება შეეზღუდა.