პროკურატურას ამას არავინ დაუჯერებს, რადგან იაფფასიან ტრიუკებს აკეთებს, - ასე გამოეხმაურა ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძისთვის ახალი ბრალის წარდგენას ადვოკატი დავით მოდებაძე. მისი თქმით, პროკურატურა აღკმკვეთი ღონისძიების სახით ცხადია , პატიმრობას მოითხოვს.
"პროკურატურას არავინ დაუჯერებს. პროკურატურა პროცესის გარეთ გადის და იაფფასიან ტრიუკებს აკეთებს. რას გავს ეს და რასთან გვაქვს საქმე? ცხადია პროკურატურა რასაც მოითხოვს, ეს ცხადია. პატიმრობას მოითხოვს, რადგან ამისთვის გააკეთეს ეს სისულელე", - აღნიშნა მოდებაძემ.
მისივე თქმით, სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ბრალის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში იმსჯელებს.
საქართველოს პროკურატურის მიერ პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე, გიორგი ოქროპირიძეს ბრალი წარედგინა. ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე კი, ოქროპირიძეს 9-თვიანი პატიმრობის ვადა 12 ივნისს ეწურება. ამ საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს, რის გამოც ოქროპირიძეს 12 ივნისს საპატიმროს დატოვება უწევდა.