სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის შეფასებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს მკაფიო და მკაცრი პოზიცია აქვს საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, რაც ძალიან კარგია.
ამის შესახებ აპატურაიმ ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში, თინა ხიდაშელის ვიზიტის შეფასებისას განუცხადა. მან ასევე დაადასტურა, ხიდაშელის განცხადება იმის შესახებ, იენს სტოლტენბერგი საქართველოში ვიზიტს გეგმავს.
"ნატო-ს გენერალური მდივანი განიხილავს საქართველოში ვიზიტის საკითხს. ვფიქრობ, თარიღი უახლოეს მომავალში გვეცოდინება. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის ვიზიტს, მან დეტალურად წარმოგვიდგინა საკუთარი სტრატეგიული ხედვა. მას აქვს მკაფიო და მკაცრი პოზიცია საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, რაც ძალიან კარგია", - განაცხადა აპატურაიმ.
მისივე თქმით, ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს.
"ეს არის ერთობლივი ცენტრი, ამიტომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა მიზანს მოემსახურება და რისი გაკეთება იქნება საჭირო. ამის შემდეგ დავიწყებთ გეგმის განხორციელებას", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.