ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატის ლევან სამუშიას განცხადებით, აუდიტის სამსახური პროკურატურის დაკვეთას ასრულებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამუშიამ ამ საქმესთან დაკავშირებით გენერალური აუდიტორის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია აგრძელებს იმ წეს-ჩვეულებებს, რომლითაც მოქმედებდა 2012 წლამდე და აუდიტის სამსახური არის იარაღი სახელმწიფოს ხელში.
"აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს, რომ ტენდერი საერთოდ არ ჩატარებულა. ტენდერის ჩატარება კანონით არ ხორციელდებოდა, რადგან საიდუმლო შესყიდვა განხორცილდა. ეს მეტყველებს თუ რა დონის ე.წ. დასკვნა აქვს აუდიტის სამსახურს და საქმე როგორ აქვს შესწავლილი. მეორე მთავარი საკითხი არის, რომ თუ ვინმემ თანხები გაფლანგა, ამ თანხის ოდენობა მითითებული არ არის და საერთოდ გაიფლანგა თუ არა თანხა, ამაზე საერთოდ საუბარი არ არის. პრეცედენტი არ მომხდარა, რომ პროკურატურას გამოძიება დაეწყოს, ხალხი დაეკავებინოს, ბრალი წარედგინოს და შემდეგ მიემართოს აუდიტის სამსახურისთვის დასკვნაზე. აუდიტის სამსახურმა ჯერ უნდა გამოიკვლიოს მასალები და შემდეგ უნდა გადაუგზავნოს ეს", - განაცხადა სამუშიამ.
მისივე თქმით, პროკურატურამ კარგად იცოდა, რომ არ ჰქონდა მტკიცებულებები და აუდიტის სამსახური მოიშველია დასახმარებლად.
"ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ აუდიტის სამსახურმა პროკურატურის გარკვეული დაკვეთა შეასრულა. თუმცა, ვინც ამ დასკვნას გადახედავს, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების დანაშაულებრივ ქმედებაზე საერთოდ საუბარი არ არის. ლაშა თორდიამ ისიც კი განაცხადა, რომ დასკვნა საქმეში მტკიცებულების სახით არის წარდგენილი. საიდან უნდა იცოდეს რას წარადგენს პროკურატურა მტკიცებულების სახით. ეს არის ერთიანი მოქმედება სახელმწიფო სტრუქტურების, პროკურატურის და აუდიტის სამსახურის ჩვენს წინააღმდეგ", - აღნიშნა სამუშიამ.
როგორც სამუშია აღნიშნავს, საქმეში ბრალდების ექსპერტების შესაძლო დანაშაულებრივი ნიშნები იკვეთება.
"დადასტურებულია, რომ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა დაარღვიეს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონი და საიდუმლო ინფორმაცია გადასცეს კერძო კომპანია "დელტაკომს". ექსპერტმა გადაუგზავნა სისხლის სამართლის საქმის მასალები კომპანიას, რომლებიც შეიცავს სამხედრო საიდუმლოებას რის გამოც ადევს გრიფი "საიდუმლო". საუბარია იმ ექსპერტიზაზე რაც სასამართლომ ცნო დაუშვებლად", - აღნიშნა სამუშიამ.
გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ ტენდერში დარღვევები გამოავლინა.
როგორც თორდიამ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აუდიტის სამსახურმა აღნიშნულის შესწავლა უკვე დაასრულა და შესაბამისი მასალები პროკურატურაში გადაგზავნილია.
"აუდიტის სამსახურმა "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით მუშაობა დაასრულა და მასალები უკვე გადაგზავნილია პროკურატურაში. როგორც ვიცი, ის საქმეში მტკიცებულების სახითაა მოცემული. რაც შეეხება დანაშაულის ნიშნებს, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის გამო ზედმეტი კომენტარისაგან თავს შევიკავებ, ვინაიდან არ იყოს სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოზე აუდიტის სამსახურის მხრიდან რაიმე ტიპის ზეწოლას ჰქონდა ადგილი, თუმცა, რა თქმა უნდა, დარღვევები იყო", - განაცხადა ლაშა თორდიამ.