"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ვარაუდობს, რომ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია პროკურატურის დაკვეთას ასრულებს.
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გენერალური აუდიტორ ლაშა თორდიას განცხადებაში, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ ტენდერში დარღვევები გამოავლინა, ახალი არაფერი არ არის და შესაბამისი მასალები საქმეს ერთვის.
"ამ პერსონაჟის გამოჩენა უცებ, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ბუნებრივია, გვაფიქრებინებს, რომ პროკურატურის დაკვეთას ასრულებს. სასამართლომ იმსჯელა ამაზე, შეაფასა კიდეც ის დარღვევა, რაც იმ მასალებში იყო. ამიტომ აქ სიახლე არ არის. ეს არის პიარკამპანია, რომელშიც იყენებენ ლაშა თორდიას. აუდიტის პალატის შემოსვლა თავდაცვის სამინისტროში ჩემ მიერ იყო ინიცირებული. თუმცა, თავად ამ ბატონს სიმართლე და ტყუილი ერთმანეთში არეული აქვს, იქ არ ყოფილა არანაირი ტენდერი. ეს იყო საიდუმლოებასთან დაკავშირებით წესის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსი, გამოკითხვა ფასის. ამასთან დაკავშირებით შეფასებები თანდართულია საქმეში. ასე რომ ეს იყო მოსამართლის პრეროგატივა, განეხილა და შეეფასებინა ეს მასალები", - განაცხადა ალსანიამ.
გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიამ დღეს განაცხადა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ ტენდერში დარღვევები გამოავლინა. როგორც თორდიამ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აუდიტის სამსახურმა აღნიშნულის შესწავლა უკვე დაასრულა და შესაბამისი მასალები პროკურატურაში გადაგზავნილია.
"აუდიტის სამსახურმა "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით მუშაობა დაასრულა და მასალები უკვე გადაგზავნილია პროკურატურაში. როგორც ვიცი, ის საქმეში მტკიცებულების სახითაა მოცემული. რაც შეეხება დანაშაულის ნიშნებს, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის გამო ზედმეტი კომენტარისაგან თავს შევიკავებ, ვინაიდან არ იყოს სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოზე აუდიტის სამსახურის მხრიდან რაიმე ტიპის ზეწოლას ჰქონდა ადგილი, თუმცა, რა თქმა უნდა, დარღვევები იყო", - განაცხადა ლაშა თორდიამ.