ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი

ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით მოსამართლეებს შეხვდა

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით მოსამართლეებს შეხვდა.

როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, თუმცა მსგავსი ინფორმაცია მანაც მიიღო და ახლა დადასტურებას ცდილობს.

"ჩვენც მივიღეთ ასეთი საგანგაშო და ძალიან ცუდი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასეთი შეხვედრა შედგა. დაინტერესებული ვარ, რომ მეტი დეტალი დავაზუსტო, რის შემდეგაც საზოგადოებას ეცნობება. თუკი სიმართლე არ დავიცავით თითოეულმა მოქალაქემ, მაშინ უსამართლობა ყველას სახლში გვეწვევა. აუცილებელია საზოგადოება გვყავდეს ინფორმირებული და მობილიზებული, რომ არ დავუშვათ სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეებს შორის გარიგება შედგა სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობაში არის ინიცირებული. ირაკლი ალასანიას თქმით, სანაცვლოდ კაბელების საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უნდა შეიცვალოს.

ალასანიას ინფორმაციით, ერთ-ერთი ვინც ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, სწორედ ცალკე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო.

"მინდა გავაფრთხილო ბიძინა ივანიშვილი და ყველა, რომ სასამართლოში ჩარევა მათ ისევე, როგორც სააკაშვილის რეჟიმს, ცუდად მოუბრუნდება, ძალიან ფრთხილად იყოს და ნუ გადააყოლებს ქვეყანას მის მიერ გაფუჭებულ "კაბელების საქმეს", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.