EBRD-ის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერას განცხადებით კორუფციისგან საქართველოს თავისუფლება, რეგიონში უნიკალური შემთხვევაა.
როგორც ბალვანერამ „კვირის პალიტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს ყველაზე მომთხოვნი ინვესტორების ინტერესების დაკმაყოფილების უნარი შესწევს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა, სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ასევე აღნიშნა, რომ EBRD-ის ფორუმზე ხელმოწერილი 5 ახალი გარიგებით, საქართველოში დადებული შეთანხმებების რაოდენობა გაორმაგდა.
"საქართველოში არ გდევნით პოლიცია ან რომელიმე სხვა სტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ ყოვლისა, მინდა გამოვყო კორუფცია - საქართველო თავისუფალია კორუფციისგან, რაც უნიკალური შემთხვევაა რეგიონში. თუ საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებსაც გადავავლებთ თვალს, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის, კონკურენტუნარიანობისა და კორუფციის რეიტინგებში რეგიონში მოწინავეა. აღსანიშნავია, სანდო სასამართლო სისტემაც, გამართული საბანკო სისტემა და ფინანსური ინსტიტუციები, რომლებიც ადგილობრივი მენეჯერების ძალისხმევით შეიქმნა. არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა. ეს აღფრთოვანებას იწვევს და იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს შესწევს უნარი, დააკმაყოფილოს ყველაზე მომთხოვნი ინვესტორების ინტერესებიც კი. ყოველივე ამის უკან გამართული საკანონმდებლო სისტემა, მყარი საბანკო სისტემა და კორპორაციული მმართველობა დგას. ეს ყოველივე მაგალითია იმისა, რომ საქართველო ძალიან კარგ პოზიციაშია. თუმცა, ეს არ ასახულა ხალხის კეთილდღეობაზე, რაც დროის საკითხია", - განაცხადა ბალვანერამ.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა განაგრძოს რეფორმები, განსაკუთრებით, ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიც, მაგალითად, კაპიტალის ბაზარია.
"საბანკო სისტემა გამართულია, თუმცა მას ჯერაც სჭირდება სწორად მოქმედი საფონდო ბირჟა კორპორაციული ობლიგაციებით ადგილობრივ ბაზარზე. რეფორმებია საჭირო ასევე საპენსიო სფეროში. ჩვენ ქვეყნის დანაზოგების კონსოლიდაცია უნდა მოვახდინოთ, უნდა გვქონდეს გამართული სისტემა, რათა შევძლოთ მოქალაქეებისთვის პენსიის გადახდა მათი სამსახურიდან წასვლის შემდეგ. ასევე უნდა გატარდეს ანაბრებისა და მანქანების სავალდებულო დაზღვევის რეფორმა", - აღნიშნა ბალვანერამ "კვირის პალიტრასთავის" მიცემულ ინტერვიუში.
რაც შეეხება თბილისში გამართულ EBRD-ის ღონისძიებას, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა, სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში თქმით ფორუმის ფარგლებში ქალაქს უამრავი ვიზიტორი ეწვია, რაც ეკონომიკური სტიმულიც იყო.