ირაკლი ღარიბაშვილი მორაგბეებს მთავრობის მხრიდან სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა

ირაკლი ღარიბაშვილი მორაგბეებს მთავრობის მხრიდან სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მორაგბეებს მთავრობის მხრიდან სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა. მთავრობის მეთაური დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩინაშვილთან ერთად ბაზა "შევარდენზე" იმყოფებოდა.

"მინდოდა პირადად მენახა ჩვენი ვაჟკაცი რაგბისტები, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის სიამაყე. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს და მითუმეტეს, როგორც მთავრობის მეთაურს, გული სიამაყით მევსება, ვინაიდან ვუყურებ ამ ძალიან მაგარი ბიჭების წარმატებას. სწორედაც მათი დამსახურებაა, რომ რაგბი ვითარდება. რა თქმა უნდა, გახსოვთ, რომ რამდენიმე წლის წინ ბატონმა ბიძინამ დაიწყო რაგბის უპრეცედენტო დახმარების პროგრამა და უკვე ათამდე ბაზა არის გაკეთებული. ეს ერთ-ერთია მათ შორის. ასევე, სახელმწიფოსგან აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა ჩვენს სპორტსმენებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ 18 წლამდე ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ვიცე ჩემპიონი გახდა და ასევე 20 წლამდე ნაკლები 2016 წელს მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებს, უკვე ყველაფრის მთქმელია. ღარიბაშვილის თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ 2017 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის საქართველოში ტარდება და იგი დარწმუნებულია, რომ ჩემპიონის ტიტულს სწორედ მასპინძელი ქვეყანა მოიპოვებს.

"მინდა სრული მხარდაჭერა აღვუთქვა. დავპირდე ჩვენს სპორტსმენებს, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ბიჭებმა მიაღწიონ ასევე მაქსიმუმს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა მინისტრმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა იმ ურთიერთობას, რომელიც არსებობს მთავრობასა და რაგბის კავშირს შორის, რომელიც ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, სამაგალითო უნდა იყოს სხვა ფედერაციებისთვისაც.

"ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, რომ წარმატებული სპორტსმენებისთვის მადლობა გადაგვეხადა, კიდევ ერთხელ ხაზი გაგვესვა იმ სწორი პოლიტიკისთვის, რაც მიმდინარეობს მთავრობასა და რაგბის კავშირს შორის. ეს მაგალითი უნდა გახდეს ალბათ სხვა ფედერაციებისთვისაც. მაგალითი სწორი მენეჯმენტისა და სწორი ურთიერთობებისა მთავრობასთან სწორედ ამ გრძელვადიანმა თანამშრომლობამ მოგვცა ის შედეგი, რომლითაც ამაყობს მთელი საქართველო", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა მინისტრმა და გამოთქვა ვარაუდი, რომ მსგავსი წარმატებები და ასეთი ფორმატით თანამშრომლობა გაგრძელდება ასევე სპორტის სხვა წარმატებულ სახეობებთან მიმართებაშიც.