„ჩინეთის მზარდი აქტიურობა რეგიონში, საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია იქნება“

„ჩინეთის მზარდი აქტიურობა რეგიონში, საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია იქნება“

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ჩენგ ჩანგ ჭის და ჩინეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, გარდა იმისა, რომ ჩინეთთან საქართველოს კარგი ეკონომიკური კავშირები აქვს, ასევე, აღსანიშნავია ჩინეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის საკითხში. დავით უსუფაშვილის თქმით, ჩენგ ჩანგ ჭისგან მიიღო დაპირება, რომ ჩინეთი ამ პოლიტიკას გააგრძელებს.

„ეს შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის, პარლამენტისთვის. ეს არის ნათელი დასტური ჩინეთსა და საქართველოს შორის ბოლო ხანებში გაღრმავებული ურთიერთობების და ჩვენ 2 ქვეყანას შორის სამომავლო პერსპექტივების. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, რამდენჯერმე გაიზარდა ჩინური ინვესტიციები საქართველოში. მნიშვნელოვნად გაიზარდა ღვინის ექსპორტი ჩინეთში. ასევე, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები რეგიონული და მსოფლიო მასტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე. საქართველო იკავებს უმნიშვნელოვანეს პოზიციებს, ახალი აბრეშუმის გზის სარტყლის მშენებლობაში და ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზულ პერსპექტივას ქმნის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩინეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის საკითხში. ჩვენ დარწმუნებული ვართ და მე ამის თაობაზე ბატონი ჩანგ ჭისგან მივიღე მტკიცე დაპირება, რომ ჩინეთი გააგრძელებს ასეთ პოლიტიკას. აქედან გამომდინარე, ჩინეთის მზარდი აქტიურობა ჩვენს რეგიონში, საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაც იქნება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოსა და ჩინეთის პარლამენტებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრამვდება და ძალიან მალე, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ჩინეთს ეწვევა.