უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე, ნაფიც მსაჯულთა ჩამოშორებასთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს.
როგორც ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ საქმეზე კომენტარის გაკეთება, მისი მხრიდან, მიზანშეწონილი არ არის.
"იმას, რაც საკანონმდებლო რეგულაციებით იქნება გათვალისწინებული, მე და სამართალწარმოება, ვალდებული ვართ განვიხილოთ ეს საკითხი. დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
გუშინ, ლაშა მახარაძის დედამ, უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარეს მოუწოდა, მისი კომპეტენციის ფარგლებში, საქმის განხილმა მოსამართლემ გააგრძელოს, რადგან ნაფიცი მსაჯულების მიმართ ზეწოლა ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილების მიღება ვერ მოახერხეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის 12 საათიანი მსჯელობის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.
მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს 12:00 საათზე ჩანიშნა და აღნიშნულ საქმეზე განხილვა ხელახლა დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა კვლავ ვერ მოახერხებს ვერდიქტის მიღებას, მაშინ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება. თუმცა, გიორგი ოქროპირიძემ შესაძლოა, საპატიმრო დაწესებულება მანამდე დატოვოს, რადგან ბრალდებულს პატიმრობის 9 თვიანი ვადა 12 ივნისს ეწურება.