ზურაბ ჯაფარიძე ეროვნული ბანკის ნაცვლად, სავალუტო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის

ზურაბ ჯაფარიძე ეროვნული ბანკის ნაცვლად, სავალუტო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის

დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძეს ლარის სტაბილურობის მისაღწევად რამდენიმე ინიციატივა აქვს.

როგორც ზურა ჯაფარიძე აცხადებს, გარდა იმისა, რომ ეროვნული ბანკის ნაცვლად, უნდა შეიქმნას სავალუტო საბჭო, ასევე, ლარი აღარ უნდა იყოს ერთადერთო საგადამხდელო საშუალება და ლარის კურსი უნდა იყოს ფიქსირებული დოლართან, ევროსთან ან ამ ვალუტების კალათასთან მიმართებაში. როგორც დეპუტატმა განაცხადა აღნიშნული რეფორმის შედეგად, ლარის გაუფასურების რისკები ნულამდე დავა, მოქალაქეებს აღარ გაუძვირდებათ უცხოურ ვალუტაში გამოტანილი სესხი, მოქალაქეებს აღარ გაუუფასურდებათ ლარში გაკეთებეული დანაზოგი, დაიკლებს საპროცენტო განაკვეთები საბანკო სესხებზე და ვეღარ მოხდება მთავრობის მხრიდან პროდუქტებზე ხელოვნურად ფასების ზრდა.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებების მომზადება უმოკლეს ვადაში უნდა მოხდეს, რათა მომავალი წლიდან მონეტარული სისტემის ახალ მოდელზე გადასვლა იყოს შესაძლებელი.

„ბოლო 2,5 წლის განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეროვნული ვალუტის არასტაბილურობაა. ლარი გაუფასურდა 40%-ით, ეს პრობლემა შეეხო თითქმის ყველა ოჯახს საქართველოში. 530 ათას ოჯახს გაუძვირდა ბანკის სესხი. სავალუტი კრიზისის მიზეზი არის ის, რომ მთავრობის უაზრო ნაბიჯებმა ჩამოშალა ქართული ეკონომიკა, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამას არ აღიარებს და მუდმივად ცდილობს, პრობლემის წყაროდ წარმოაჩინოს ეროვნული ბანკი. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ ეროვნული ბანკის სწორი ნაბიჯები. რომ არა ეს ნაბიჯები, ხალხი და სახელმწიფო კიდევ უფრო გაღარიბდებოდა. ამ ფონზე მთავრობის და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საუბარი გიორგი ქადაგიძის პასუხისმგებლობაზე უკიდურესად საშიშია. ეს დარტყმას აყენებს ფინანსურ სისტემას, აფრთხობს ინვესტორებს და აძლიერებს არასტაბილურობის განცდას. ამასთან, ეს მიანიშნებს იმაზეც, რომ მომავალი წლის თებერვალში, როდესაც გიორგი ქადაგიძეს ვადა ამოეწურება, პირდაპირ მართული პრეზიდენტი აირჩეს ეროვნულ ბანკში, რაც საბოლოოდ ჩამოშლის ეროვნულ ვალუტას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხი და სახელმწიფო არასტაბილურობისა და სავალუტი კრიზისგან", - განაცხადა ჯაფარიძემ.