"თავისუფალი დემოკრატები" დარწმუნებული არიან, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული მაღალჩინოსნები უახლოეს მომავალში გათავისუფლდებიან , - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას დღევანდელი განცხადების შეფასებით, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ ტენდერში დარღვევები გამოავლინა.
"მე არ ვიცი, ბატონი თორდია რაზე აკეთებს განცხადებებს. მე ვიცი გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. სასამართლომ დაუშვებლად სცნო მთავარი მტკიცებულება, რომელზეც პროკურატურა აპელირებდა და, რის საფუძველზეც ეს ადამიანები იქნენ დაკავებულები, ამიტომ ჩვენ ველოდებით სასამართლოს გაგრძელებას და დარწმუნებულები ვართ, უახლოეს მომავალში კაბელების საქმეზე დაკავებული მაღალჩინოსნები იქნებიან გათავისუფლებულები", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დღეს განაცხადა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ ტენდერში დარღვევები გამოავლინა და საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა.