"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" არსებული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად არაფორმალური მმართველობის ნიშნებს ასახელებს , - ამის შესახებ საუბარია ორგანიზაციის საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარეობს.
ანგარიშის თანახმად, არსებობს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე არაფორმალური გარეშე გავლენის ნიშნები, რაც ამცირებს მის დამოუკიდებლობას.
"2013 წლის ბოლოდან მოყოლებული თავი იჩინა შესაძლო არაფორმალური მმართველობის ნიშნებმა, რაც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ მთავრობაზე გავლენის შენარჩუნებაში გამოიხატა. ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად 2012 წლის მიწურულს აირჩიეს, მაგრამ 2013 წლის ნოემბერში იგი ამ თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის მიუხედავად, როგორც ჩანს, ივანიშვილი კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც პრობლემურია, რადგან ოფიციალური თანამდებობის არქონის პირობებში კანონით დადგენილი ანგარიშვალდებულების მექანიზმები ბიძინა ივანიშვილზე არ ვრცელდება", - ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, კვლევის თანახმად, ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ პარლამენტი კვლავაც არ არის საკმარისად დამოუკიდებელი იმისთვის, რომ ეფექტიანი ზედამხედველობა გაუწიოს მთავრობის საქმიანობას,
კვლევის ავტორების შეფასებით, ყოფილ თანამდებობის პირთა მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებში პოლიტიკური მოტივაციისა და სამართლის შერჩევითად გამოყენების ნიშნები ჩრდილს აყენებს როგორც სასამართლოს, ისე სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლობას.
გარდა ამისა კვლევის მიხედვით, ბოლო საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საჯარო სამსახურიდან თანამშრომლის მასობრივი დათხოვნა იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში ჯერაც ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი პროფესიონალური საჯარო სამსახური.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებით, შეშფოთებას იწვევს ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის სავარაუდო შემთხვევები საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნის პროცესში. მათი შეფასებით, სახელმწიფო შესყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავაც ღია და კონკურენტული ტენდერების გარეშე ხორციელდება.