თბილისის ყოფილი პროკურორის, მაია მწარიაშვილის განცხადებით, საგამონაკლისო სახით, კანონი ითვალისწინებს კონკრეტულ საქმეზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოხსნის შესაძლებლობას. ამის შესახებ მაია მწარიაშვილმა "იმედის კვირაში", ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების მიერ ვერდიქტის ვერ გამოტანაზე საუბრისას განაცხადა.
"პრაქტიკაში ჯერ არ ყოფილა, თუმცა კანონი ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევას. მაშინ როდესაც აშკარად ჩანს, რომ სამართლიანი სასამართლო ვერ აღსრულდება, თუ ამის საფუძველი არსებობს, მაშინ მხარის მოთხოვნით და სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ასევე უნდა დაეთანხმოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, შესაძლებელია მოიხსნას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხი და განიხილოს მოსამართლემ", - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, გამომდინარე იქიდან, რომ ლაშა მახარიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ეწურება, ეს ნიშნავს იმას, რომ ის უნდა გათავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან და პროცესებს დაესწრება, როგორც არა პატიმრობაში მყოფი.
როგორც მაია მწარიაშვილმა აღნიშნა, მისი დაკვირვებით, ნაფიც მსაჯულებზე ძირითადად ორი დამოკიდებულება მუშაობს.
"ან ეშინიათ, ან ეცოდებათ. ანუ პასუხისმგებლობას მძიმე გადაწყვეტილებაზე ვერ იღებენ. ეს არ არის მარტო ჩვენი პრობლემა. ამერიკაშიც კი, სადაც ამხელა ტრადიციაა, საზოგადოებას სრულიად სხვა მართლშეგნება აქვს და ამ ვალდებულებას სხვანაირად უყურებენ, იქაც რთული კატეგორიის საქმეზე სულ უფრო მატულობს ისეთი მსაჯულების რიცხვი, ვინც ვერ უძლებს", - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილების მიღება ვერ მოახერხეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის 12-საათიანი მსჯელობის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.
მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს 12:00 საათზე ჩანიშნა და აღნიშნულ საქმეზე განხილვა ხელახლა დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა კვლავ ვერ მოახერხებს ვერდიქტის მიღებას, მაშინ გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება. თუმცა, გიორგი ოქროპირიძემ შესაძლოა, საპატიმრო დაწესებულება მანამდე დატოვოს, რადგან პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 ივნისს ეწურება.