უკანასკნელ დღეებში მიღწეული იქნა გარკვეული პროგრესი სარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, გადაიდგა ნაბიჯი, რომელიც საარჩევნო სისტემის უფრო მეტად სრულყოფილებას უზრუნველყოფს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა.
"ვინაიდან ჩვენ ამერიკის დღეებს ვზეიმობთ, ჩვენ ასევე ვზეიმობთ ამერიკისა და საქართველოს ერთობლივ სწრაფვას და ერთობლივ დამოკიდებულებას დემოკრატიის ღირებულებებისადმი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, უკანასკნელ დღეებში იქნა მიღწეული გარკვეული პროგრესი სარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, გადაიდგა ნაბიჯი, რომელიც უფრო მეტად უზრუნველყოფს საარჩევნო სისტემის სრულყოფილებას და შემდგომ პროგრესს გამოიწვევს, ამით ასევე იქნება პროპორციული წარმომადგენლობა უზრუნველყოფილი. ჩვენ მივესალმებით პროგრესს, ვაკვირდებით მიმდინარე პროცესს და მივიჩნევთ, რომ საქართველო დგამს ნაბიჯებს დემოკრატიის მეტი სრულყოფისკენ", - განაცხადა ნორლანდმა.
"ქართულ ოცნებაში" გამართულ კოალიციურ შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება, თუმცა ხმების თანაბარწონადობის მიღწევის მიზნით მოხდება მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის გათანაბრება - კერძოდ, გაერთიანდება პატარა საარჩევნო ოლქები, ხოლო დიდი ოლქები გაიყოფა. გარდა ამისა, მიღებულია მაჟორიტართა არჩევის ბარიერის 50%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება.
როგორც კოალიციის ლიდერები აცხადებენ, პროპორციული საარჩევნო სისტემით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი არჩევნები ჩატარდება.