„რიგის სამიტის შედეგები საქართველოს ხელისუფლების ბრალი ნამდვილად არ არის“

„რიგის სამიტის შედეგები საქართველოს ხელისუფლების ბრალი ნამდვილად არ არის“

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, რიგის სამიტის შედეგები წინასწარვე იყო ცნობილი.

მისი თქმით, ის, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია ვერ მიიღო, ხელისუფლების ბრალი ნამდვილად არ არის.

"საქართველოს ხელისუფლებამ იმუშავა და მაინც მოხერხდა ბოლო მომენტში, რაღაც პროგრესის დაფიქსირება წინა სამიტთან შედარებით. ასე თუ ისე, სწორ გზაზე ვდგავართ, მაგრამ ის, რაც რიგის სამიტზე მოხდა, საერთაშორისო კონიუქტურის შედეგია, რაც რუსეთის წინაშე მძაფრ შიშს მოყვა. ვფიქრობ, უნდა გაგრძელდეს მუშაობა ამ მიმართულებით და რუსეთის მიმართ დათმობები, მხოლოდ ზრდის აგრესიის ალბათობას. იმედი მაქვს, მალე მსოფლიოში ეს კონიუქტურა შეიცვლება და ყველა მიხვდება, რომ ეს დათმობები მხოლოდ ახალ პრეტენზიებს წარმოშობს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა „პირველ პრესკლუბში“.

საკრებულოს დეპუტატის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, ევროკავშირისა და ნატო-ს საპარლამენტო ანსამბლეამ საქართველოს მხარდაჭერა გამოთქვა და ამ მიმართულებით ქვეყანას ბევრი სამუშაო აქვს.