თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს მოლოდინი აქვს, რომ 2015 წელი საქართველოსთვის ევროპასთან უვიზო მიმოსვლის წელი იქნება.
თინა ხიდაშელის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა ეს 21-22 მაისს რიგაში მოხდება, თუ რომელიმე სხვა ქალაქში. მთავარია, რომ შედეგი საქართველოსთვის მოკლე ვადებში დადგეს.
"მოლოდინი არის, რომ 2015 წელი საქართველოსთვის იქნება ევროპასთან უვიზო მიმოსვლის წელი. ეს იქნება 21-22 მაისს რიგაში, თუ პირობითად, ოქტომბერში, რომელიმე სხვა ქალაქში. არამგონია, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში აისახოს კონკრეტული ვადა იმისთვის, რომ მოლოდინი არ იყოს უსასრულო და დაუმთავრებელი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ამასთან, როგორც თავდაცვის მინისტრი აცხადებს, საქართველომ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შეასრულა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ყველა რეფორმა მოკლე ვადაში იქნა განხორციელებული, ევროკავშირს სჭირდება დრო, რომ დააკვირდეს, თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის რეფორმა.
„საქართველოს ყველა მოთხოვნა შესრულებული აქვს. მოთხოვნები არის ვადიანი და თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რატომ ვერ მოახერხა საქართველომ იმის შესრულება მაისში, რაც დეკემბერში უნდა შესრულებულიყო, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ ვადები. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ საქართველომ 6 თვეში გაიარა ის გზა სრულად, რისთვისაც მოლდოვას 2 წელი დასჭირდა“, - განაცხადა ხიდაშელმა.