მანანა კობახიძის შეფასებით, მოსამართლეთა პირდაპირ უვადოდ გამწესება, არანაკლები საფრთხის შემცველია

მანანა კობახიძის შეფასებით, მოსამართლეთა პირდაპირ უვადოდ გამწესება, არანაკლები საფრთხის შემცველია

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის, სასამართლო ხელისუფლების და პროკურატურის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელის, მანანა კობახიძის შეფასებით , არანაკლები საფრთხის შემცველია მოსამართლეთა პირდაპირ უვადოდ გამწესება, რამაც კიდევ უფრო მეტი რისკი შეიძლება წარმოშვას.

როგორც კობახიძე აცხადებს, მოსაძებნია ოქროს შუალედი, რომ ერთი მხრივ, დაცული იყოს მოსამართლის დამოუკიდებლობა და თავად საზოგადოებაც იყოს დაცული, რათა არასამართლიანი მართლმსაჯულების მსხვერპლი არ გახდეს.

"მოსამართლეების უვადოდ დანიშვნამდე მათი გამოსაცდელი ვადით დანიშვნას თავისი საფუძველი ჰქონდა. სხვათა შორის, ეს წესი ჩვენს მიერ არ არის შემოტანილი და ის კონსტიტუციაში 2012 წლამდე ეწერა. ჩვენ, კანონში კონკრეტული კრიტერიუმები გავწერეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსამართლის შეფასება იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული მისი დამოუკიდებლობა და მის უვადოდ გამწესებამდე ისეთი კადრის შერჩევა არ მოხდეს, რომელიც მოსამართლედ უვადოდ დანიშვნას არ იმსახურებს. ესეც რისკია", - აცხადებს მანანა კობახიძე.

მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესს, ვენეციის კომისიის და ევროსაბჭოს ექსპერტები აკრიტიკებენ. როგორც მათი მხრიდან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის გასვლით შეხვედრაზე ითქვა, მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა, მოსამართლეთა უფლებას ლახავს და შეიცავს ხიფათს მათი დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.